აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი 20 ოქტომბერს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებებია დაგეგმილი.
ამის შესახებ უკრაინული მედია ნორვეგიის საზოგადოებრივ მაუწყებელ NRK-ზე დაყრდნობით წერს.
მანამდე ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ განაცხადა, რომ უკრაინამ თხოვნით მიმართა ნორვეგიულ მხარეს, ოსლოში დაგეგმილ შეხვედრებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჩართულიყვნენ. კუშნერი მოლაპარაკებებში დისტანციურად მიიღებს მონაწილეობას. მედიის ინფორმაციით, ტრამპის სიძემ ნორვეგიაში ჩასვლა ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო.
„მიზანია, დიპლომატიური მუშაობა უფრო კონსტრუქციულ კალაპოტში გადავიყვანოთ“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.
ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე დაადასტურა, რომ ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი ნორვეგიაში ჩავა.