ალბანეთში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გრძელდება. 19 ოქტომბერს, დედაქალაქ ტირანაში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ დემონსტრანტებს დიალოგში მონაწილეობა კვლავ უპირობოდ შესთავაზა.
აქციის მონაწილეები განათლების სამინისტროსთან შეიკრიბნენ და რამასა და მისი მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლოსთან დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. მომიტინგეებმა პოლიციის წინააღმდეგ ქვები და პიროტექნიკა გამოიყენეს.
ხელისუფლების ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
სტუდენტური პროტესტი ასევე მიმდინარეობს ლეჟეში, ვლორაში, ელბასანსა და შკოდერში. ზოგიერთ ქალაქში სტუდენტებმა სასწავლო პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს და ქუჩებში მსვლელობა გამართეს.
რამამ დემონსტრანტებს კიდევ ერთხელ შესთავაზა დიალოგი და განაცხადა, რომ მთავრობა მათთან შესახვედრად „ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე“ მზად არის.
პრემიერ-მინისტრმა აქციის ორგანიზატორებს მოუწოდა, გაემიჯნონ ძალადობას, მათ შორის ქვების სროლასა და ცეცხლის წაკიდებას, და არასრულწლოვნები შეტაკებებში არ ჩართონ. მისი თქმით, მშვიდობიანი პროტესტი მოქალაქეთა უფლებაა, ძალადობა კი - დანაშაული. რამამ ასევე ხაზი გაუსვა ადამიანების სიცოცხლისა და ღირსების დაცვის აუცილებლობას.
პროტესტი 13 ოქტომბერს დაიწყო. თავდაპირველად სტუდენტები განათლების ხარჯების შემცირებას, უნივერსიტეტებში პირობების გაუმჯობესებასა და ეკონომიკური პერსპექტივების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ. მოგვიანებით დემონსტრანტების მოთხოვნებს კორუფციასთან ბრძოლა და ცხოვრების გაძვირებით გამოწვეული უკმაყოფილებაც დაემატა.
რამა გადადგომის მოთხოვნას უარყოფს და აცხადებს, რომ ძალადობაში მონაწილე პირებთან მოლაპარაკებას არ აპირებს.