აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევთან ცალკეულ საკითხებზე თანამშრომლობას გააგრძელებს, თუმცა უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები უნდა შეწყვიტოს, რადგან, მისი თქმით, ეს ამერიკელებისთვის ენერგიის ფასს ზრდის.
ამის შესახებ ვენსმა გადაცემა 2WAY TONIGHT-თან ინტერვიუში ისაუბრა.
შეკითხვაზე, არის თუ არა უკრაინა შეერთებული შტატების მოკავშირე, ვენსმა უპასუხა, რომ „გარკვეული გაგებით, ისინი, რა თქმა უნდა, პარტნიორები არიან“.
„თუმცა, ვფიქრობ, ზოგჯერ ჩვენს ინტერესებს შორის უთანხმოება ჩნდება. მაგალითად, მიმაჩნია თუ არა, რომ მათ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს უნდა დაარტყან და ამით ამერიკელებისთვის ენერგიის ფასი გაზარდონ? არა. რა თქმა უნდა, გარკვეულ საკითხებზე მათთან ვთანამშრომლობთ და მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. თუმცა, ვფიქრობ, მათ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები უნდა შეწყვიტონ“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
დამატებით კითხვაზე, გულისხმობს თუ არა სიტყვა „პარტნიორი“ უფრო ნაკლებ სიახლოვეს, ვიდრე „მოკავშირე“, ვენსმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინასთან „ოფიციალური სამოკავშირეო ურთიერთობა არ აქვს“.
„ისინი ნატო-ს წევრები არ არიან. არ მიმაჩნია, რომ ნატო-ში უნდა გაწევრიანდნენ. ვფიქრობ, ეს ქვეყანა დიდ პატივისცემას იმსახურებს - შესანიშნავი ქვეყანაა, სადაც ბევრი გამორჩეული ადამიანი ცხოვრობს. გარკვეულ საკითხებზე ვითანამშრომლებთ, თუმცა სხვა საკითხებზე ჩვენი პოზიციები განსხვავებული იქნება“, - თქვა ჯეი დი ვენსმა.