აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 2027 წლის 24 აპრილამდე გაახანგრძლივა გენერალური ლიცენზიების მოქმედება, რომლებიც სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ უცხოური აქტივების ნაწილთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების უფლებას იძლევა.
ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC) შეტყობინებაშია ნათქვამი.
ლიცენზიები რუსეთის ფარგლებს გარეთ მდებარე „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებსა და ბულგარეთში მოქმედ ოთხ სტრუქტურას, მათ შორის ქალაქ ბურგასში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ეხება.
ერთ-ერთი ლიცენზია არეგულირებს Lukoil International GmbH-ის საქმიანობას. ეს კომპანია რუსული ნავთობგიგანტის საზღვარგარეთულ ბიზნესს მართავს. ნებართვა ასევე ვრცელდება იმ კომპანიებზე, რომლებშიც მას პირდაპირ ან არაპირდაპირ წილების სულ მცირე 50% ეკუთვნის, მათ შორის აშშ-ში მოქმედ Lukoil North America-სა და Lukoil Americas Corporation-ზე.
ლიცენზია ნებადართულად მიიჩნევს რუსეთის ფარგლებს გარეთ მდებარე „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავისა და თანმხლები პროდუქციის შეძენას, სადგურების ტექნიკურ მომსახურებას, შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფას ან მათ ეტაპობრივ დახურვას.
OFAC-ის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზანია, მომხმარებლები სანქციების შესაძლო უარყოფითი შედეგებისგან დაიცვას. ნებადართულ ოპერაციებს შორისაა მომწოდებლებთან ანგარიშსწორება, ქირის გადახდა, სადაზღვევო გადასახადები და თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემა.
ამასთან, ვაშინგტონმა მკაცრად აკრძალა ნებისმიერი თანხის გადარიცხვა რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი პირებისა თუ ორგანიზაციებისთვის, აგრეთვე რუსულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე.
ლიცენზია ასევე არ ვრცელდება რუსეთის ცენტრალური ბანკის, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული კეთილდღეობის ფონდის მონაწილეობით განხორციელებულ ტრანზაქციებზე.
მეორე გენერალური ლიცენზია ნებართვას გასცემს ბულგარეთში „ლუკოილის“ ოთხ სტრუქტურასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე. ესენია ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ლუკოილ ნეფტოხიმ ბურგასი“, ასევე კომპანიები „ლუკოილ ბულგარეთი“, „ლუკოილ ავიაცია ბულგარეთი“ და „ლუკოილ ბულგარეთი ბანკერი“.
გამონაკლისები ვრცელდება იმ შვილობილ კომპანიებზეც, რომლებშიც ჩამოთვლილ საწარმოებს წილის სულ მცირე 50% ეკუთვნით, თუმცა შეღავათები ჯგუფის სხვა სანქცირებულ აქტივებს არ ეხება.
სააგენტო Reuters-ის შეფასებით, შეღავათები ვრცელდება „ლუკოილის“ დაახლოებით 2 000 ავტოგასამართი სადგურისგან შემდგარ ქსელზე, რომელიც ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაშია წარმოდგენილი.
მათ შორისაა დაახლოებით 200 ავტოგასამართი სადგური აშშ-ის ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსისა და პენსილვანიის შტატებში, ასევე 600 სადგური თურქეთში და 300-ზე მეტი - რუმინეთში. „ლუკოილს“ წამყვანი პოზიციები უკავია მოლდოვისა და ბულგარეთის საცალო საწვავის ბაზრებზეც.