რამდენიმე დღის წინ იაკუტიაში მდებარე გამასწორებელი დაწესებულებიდან ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი რამაზ დანელია გათავისუფლდა. თუმცა განთავისუფლებისთანავე იგი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა კვლავ დააკავეს და მას ბრალად უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის წესების დარღვევა წამოუყენეს.
იაკუტიის სასამართლომ ქართველ "კანონიერ ქურდს" ქვეყნის საზღვრებიდან გაძევება და ჯარიმის სახით 2 ათასი რუბლის გადახდა დააკისრა.
მარტვილის რაიონის სოფელ ნაჯახავოს მკვიდრი რამაზ დანელია "კანონიერ ქურდად" 2000 წელს თბილისში აკურთხეს. 2010 წლის თებერვალში იგი მოსკოვში ქურდობისათვის დააკავეს და ივნსში მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სასჯელის საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ დანელია უკვე მესამე ქართველი კანონიერი ქურდია, რომელსაც ციმბირში საპასპორტო რეჟიმის დარღვევისათვის აკავებენ ბოლო თვენახევრის განმავლობაში. 9 თებერვალს ირკუტსკში თეიმურაზ საათაშვილი დააკავეს ზედმეტსახელად "მაფია", 17 თებერვალს მინუსინსკში კი - გოჩა თორია, ზედმეტსახელად "გოჩა გალსკი". ყველა მათგანს უახლოეს მომავალში ქვეყნის საზღვრებიდან გააძევებენ.