შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია "იმედთან" გუშინ აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ განცხადება გაავრცელა.
"გოგიტა არქანიას მიერ დამატებითი ჩვენების საფუძველზე, ცნობილი გახდა, რომ 2010 წლის ოქტომბრის თვეში მან ევგენი ბორისოვისა და მურმან ცხადაიას მითითებით ასაფეთქებელი მოწყობილობა საბრძოლო მდგომარეობაში დადო ტელეკომპანია იმედის ტერიტორიაზე. გამოძიების შედეგად ბრალდებულის მიერ მითითებულ ადგილზე ნანახი იქნა აღნიშნული ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის განაღმის სამმართველოს მიერ იქნა გაუვნებელყოფილი", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" მიმდებარე ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობები წუხელ, ტერაქტების მოწყობის ბრალდებით დაკავებული გოგიტა არქანიას ჩვენების საფუძველზე აღმოაჩინეს. ლუბლიანას ქუჩაზე სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.