4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, მათ რეალური სასჯელი 1 წლისა და 1 თვის ვადით, ხოლო 2 წელი პირობითი მსჯავრი შეეფარდებათ.
საპროცესო შეთანხმების მიხედვით მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებას 5 ნოემბერს დატოვებენ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებიდან ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას - 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
რაც შეეხებათ ირაკლი ჩხვირკვიასა და გური ჟვანიას, მათ, 5-5 წლით აქვთ თავისუფლება აღკვეთილი.