საზოგადოებრივი სასარგებლო შრომის სახეებს მსჯავრდებულებისთვის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო განსაზღვრავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "სისხლის სამართლის კოდექსში".
დღეს მოქმედი ნორმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის თავისუფალ დროს უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო განსაზღვრავს, ხოლო თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება - სასამართლო.
წარმოდგენილი კანონპროექტში კი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრაში "თავისუფალ დრო" ამოღებულია და მხოლოდ უსასყიდლო შრომის ვალდებულებაა დარჩენილი.
რაც შეეხება სასჯელის განსაზღვრას, მსჯავრდებულის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახეს ზოგადად და საპროცესო შეთანხმების დადების დროსაც, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო განსაზღვრავს.