საგარეო საქმეთა სამინისტოს ცნობით, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა.
"საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს, ასევე თანამედროვე წარმოების ტენდენციებს.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ვაზის უნიკალური ჯიშები, მონაწილეობა მიეღოთ რთველში და ყურძნის დაწურვის პროცესში. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიის მასტერკლასები.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში, პლატონ კალმახელიძე"- ნათქვამია განცხადებაში.