გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომზე უფრო ფართო მიზნები აქვს.
ვადეფულმა აღნიშნა, რომ ომის დაწყებამდე რუსეთს უკრაინასთან კარგი ურთიერთობები ჰქონდა, მოსკოვს საფრთხე არ ემუქრებოდა და გერმანიასთან, ასევე სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ენერგომომარაგების ხელსაყრელი შეთანხმებები ჰქონდა.
„ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთს უფრო ფართო გეგმები აქვს“, - განაცხადა მინისტრმა.
კითხვაზე, რას გულისხმობდა, ვადეფულმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წარსულ განცხადებებზე მიუთითა, რომელშიც პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლას XX საუკუნის უდიდეს კატასტროფად მოიხსენიებდა.
„თუ ეს უდიდესი კატასტროფა იყო, მაშინ, სავარაუდოდ, მას ამის დაბრუნება სურს“, - თქვა ვადეფულმა.
მისი თქმით, რუსეთის ამბიციები, შესაძლოა, უკრაინით არ შემოიფარგლება და შესაძლოა საქართველოს, მოლდოვასა და ბალტიის ქვეყნებსაც მოიცავდეს.
ვადეფულის განცხადებით, ბალტიის ქვეყნები ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები არიან, ამიტომ მათ წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია გერმანიასაც, როგორც ალიანსის წევრ ქვეყანას, შეეხება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანია თავდასხმად მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმას არ მიიჩნევს. მისი თქმით, ასეთად ჩაითვლება ნატო-ს მოკავშირე ქვეყნების, მათ შორის პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საზღვრების გადაკვეთაც.