5 ოქტომბერს, რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული იერიშების დროს, მოლდოვა-უკრაინის საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „პალანკა-მაიაკი-უდობნოეს“ ტერიტორიაზე ჭურვი დაეცა, რის შემდეგაც რიკოშეტით სამგზავრო ავტობუსსა და საკონტროლო პუნქტის ჯიხურს მოხვდა. ინციდენტის შედეგად მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დაშავდა. სხვა დაშავებულები არ არიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მომხდარის გამო გამშვები პუნქტის მუშაობა დროებით შეჩერდა. დროებით შეწყდა მოძრაობაც , ვიდრე ადგილზე გამოძიება დასრულდება. პოლიცია ავტომობილებს „ტუდორას“ სასაზღვრო პუნქტისკენ გადაამისამართებს, მძღოლებს კი ურჩვეს აღნიშნული ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ინციდენტი დაახლოებით 09:38 საათზე მოხდა. უწყება საბაჟო სამსახურთან ერთად ვითარებას აკონტროლებს და უკრაინის შესაბამის უწყებებთან კონტაქტს ინარჩუნებს.