გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქალაქ გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც შტაბის მუშაობას, ყურძნის ჩაბარების და მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო.
„ადგილზე გავეცანით რთველის მიმდინარეობას. ამ დროისთვის ვენახების თითქმის ნახევარი უკვე დაკრეფილია და რთველი პიკურ პერიოდშია. გავეცანით რთველის შტაბის მუშაობას, რიგების მართვასა და ყურძნის ხარისხობრივ სეგრეგაციას. მნიშვნელოვანია, რომ რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს და ჩაბარებული ყურძნის უმეტესი ნაწილი მაღალი ხარისხისაა. არსებული მონაცემებისა და საპროგნოზო მოსავლის გათვალისწინებით, წლევანდელი რთველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მაღალი ხარისხის იქნება. წელს პირველად დანერგილმა ყურძნის ხარისხობრივმა დიფერენციაციამ მევენახეებს დამატებითი მოტივაცია მისცა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ყურძნის ხარისხს, რაც საბოლოოდ ღვინის ხარისხზე აისახება. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქართულ ღვინოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის და საერთაშორისო ბაზრებზე მის პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
5 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 168 500 ტონა ყურძენი, საიდანაც 166 865 ტონა მაღალი და საშუალო ხარისხის ყურძენია, რაც გადამუშავებული მოსავლის 99%-ს შეადგენს. გადამუშავებული ყურძნიდან 86,7 ათასი ტონა საფერავია, 70 ათას ტონამდე - რქაწითელი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის საწარმოებს ყურძენი 12 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახე მოსავალს დააბინავებს. შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს.
საფერავის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობაც არანაკლებ 20%-ია, 1 კგ ყურძნის ფასი 1,50 ლარს შეადგენს, 16%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში - 1 ლარს, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის ყურძნის შემთხვევაში - 50 თეთრს.
რქაწითელისა და სხვა საღვინე ჯიშების შემთხვევაში, არანაკლებ 19%-იანი შაქრიანობის ყურძნის ფასი 1,30 ლარია, 16%-დან 19%-მდე შაქრიანობის - 90 თეთრი, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში - 50 თეთრი.
ყურძნის ჩაბარების პროცესს ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე - 1501 და 032 2 19 37 18.