ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ორშაბათს განაცხადა, რომ პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება მის სოციალისტურ პარტიაში პოზიციების შესუსტების ფონზე გამოცხადდა. ინფორმაციას El País ავრცელებს.
კაბინეტის წევრებთან, საკუთარი პარტიის ლიდერებთან და სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან არაერთი კონსულტაციის შემდეგ სანჩესმა პარლამენტის დაშლა გადაწყვიტა - მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ცხრა თვით ადრე. მანამდე პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ მოქმედი ვადის ბოლომდე მიყვანას გეგმავდა.
გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი გახდა კონგრესში მთავრობის მიერ მომზადებული ორი საბინაო დადგენილების ჩავარდნა. ინიციატივები ხელისუფლებამ საცხოვრებლის საკითხზე ქვეყანაში დაწყებული სოციალური პროტესტების საპასუხოდ შეიმუშავა. საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მადრიდში 87 წლის მარიკარმენ აბასკალის გამოსახლება მოხდა.
ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 29 ნოემბერს გაიმართება.
მიმართვისას სანჩესმა თავისი მთავრობის ეკონომიკურ და სოციალურ მიღწევებზე ისაუბრა, მათ შორის განახლებადი ენერგიის სფეროში პროგრესზე, სოციალური უფლებების გაფართოებასა და უთანასწორობის შემცირებაზე.
არჩევნების გამოცხადებისას პრემიერ-მინისტრმა ამომრჩევლებს მოუწოდა, გადაწყვიტონ, სურთ თუ არა „ულტრამემარჯვენე ტალღას შეუერთდნენ, რომელსაც რეგრესისკენ მიჰყავს ქვეყნები, სადაც ის ხელისუფლებაში მოდის“, თუ ესპანეთში „უფრო ფართო პროგრესული უმრავლესობის“ ჩამოყალიბებას დაუჭერენ მხარს.
ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ესპანეთში ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ოპოზიციურ სახალხო პარტიას აქვს - 31.6%. მეორე ადგილზე სანჩესის სოციალისტური პარტიაა 27.4%-ით, ხოლო მესამე ადგილზე ულტრამემარჯვენე Vox-ია, რომლის მხარდაჭერაც 18.4%-ს შეადგენს.
ვადამდელი არჩევნების დანიშვნას წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში. ათასობით ადამიანი საცხოვრებლის მოიჯარეთა უფლებების უკეთ დაცვის მოთხოვნით გამოვიდა ქუჩაში მას შემდეგ, რაც მთავრობამ პარლამენტში საგანგებო საბინაო კანონპროექტის დამტკიცება ვერ შეძლო.
ბოლო წლებში ესპანეთმა ხელმისაწვდომი საცხოვრებლის გაზრდისა და ქირის ზრდის შეზღუდვის მიზნით არაერთი ღონისძიება გაატარა. თუმცა საცხოვრებლის მაღალი ღირებულება ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემად რჩება.