თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევისა და მასთან დაკავშირებული საკარანტინო ზომების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აკვირდება. ამის შესახებ Axios-ს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განუცხადა.
მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია „საქმის კურსშია, აკვირდება აფეთქებას და მოქმედების შესაძლო ვარიანტებს აფასებს“.
ირკუტსკის ოლქში ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის, დარია შიპილოვას გარდაცვალების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინი გამოაცხადა.
შიპილოვასთან კონტაქტში მყოფი თითქმის 200 ადამიანი კი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მოათავსეს.
ამასთან, შიპილოვას ჭირით დაინფიცირების ფაქტი ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლების მხრიდან თითქმის არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა.
ამასთან, Astra-ს ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება და ოფიციალური მედიასაშუალებები ჭირთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას შლიან. გამოცემის ცნობით, ბაიკალსკის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც მოსახლეობას ქალაქ შელეხოვში ვიზიტისგან თავის შეკავებას სთხოვდნენ, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი.
ასევე, პროკრემლისტურმა ტელეარხმა REN TV-მ Telegram-არხიდან შავი ჭირის გავრცელებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ხუთივე პოსტი წაშალა.
შეგახსენებთ, 2 ოქტომბერს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთის ირკუტსკის ოლქის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში 28 წლის ქალის გარდაიცვალების მიზეზი შავი ჭირი გახდა. მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი ირკუტსკის ჭირის კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტად მუშაობდა. მედია წერს, რომ ქალი 28 წლის დარია შიპილოვა იყო და 25 სექტემბერს ლაბორატორიაში ფილტვის ჭირის გამომწვევის შემცველი სინჯარა გაუტყდა.