გერმანია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისა და ზამთრისთვის მომზადების მიზნით მნიშვნელოვან დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
„უკრაინის მხარდაჭერის ახალი, კომპლექსური პაკეტი გვაქვს - 1 მილიარდ 300 მილიონ ევროზე მეტი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დახმარება მოიცავს „შეიარაღებას, რომელიც ახლა დაგვეხმარება, და ჩვენი ენერგეტიკის მხარდაჭერას“.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია - ზამთრის წინ ენერგეტიკული პაკეტი მნიშვნელოვანია. გერმანიის ამ კომპლექსურ პაკეტში გათვალისწინებულია თანხები ახალი ჩამჭრელი რაკეტების წარმოებისთვის, რომლებიც სწორედ რეაქტიული „შაჰედების“ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ესეც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრაზე მან ასევე განიხილა უკრაინის საჰაერო თავდაცვის საჭიროებები, რაც ამჟამად ერთ-ერთი მთავარი საკითხია.
გერმანია უკრაინას 2 000 რეაქტიული ჩამჭრელი რაკეტის, „ბარსის“, წარმოებაში დაეხმარება.
ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინასა და გერმანიას ამ დროისთვის 15 შეთანხმება და დოკუმენტი აქვთ გაფორმებული.
„მათი უმრავლესობა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, წარმოებას, შესაბამის შესყიდვებს, ჩვენი შეკვეთების გერმანული მრეწველობისთვის განთავსებასა და უკრაინაში ერთობლივ პროექტებს ეხება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინასა და გერმანიას შორის მიღწეული შეთანხმებების საერთო ღირებულება 8.5 მილიარდ ევროს აღემატება. მათ შორისაა უკრაინის მიერ გერმანული მრეწველობისთვის მიცემული შეკვეთებიც.
გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანია უკრაინას დღეს კონკრეტულ დახმარებას გამოუყოფს - 1 მილიარდ ევროზე მეტს სამხედრო დახმარებისთვის და 350 მილიონ ევროს ენერგეტიკის სექტორისთვის.
„ჩვენ თანხებს გამოვყოფთ რეაქტიული დრონების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით დრონების ერთობლივი წარმოებისთვის. ბოლო კვირების განმავლობაში ამ სფეროში მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური წინსვლის მიღწევა შევძელით. ახლა კი მათ სერიულ წარმოებას ოპერატიულად ვიწყებთ. ეს სწრაფად და საგრძნობლად გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვას“, - განაცხადა მერცმა.
მისი თქმით, გერმანია უკრაინას ასევე აწვდის შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას, საბრძოლო დრონებსა და თანამგზავრულ აღჭურვილობას, რათა უკრაინამ რუსეთის გამშვებ დანადგარებთან ბრძოლა უფრო ეფექტიანად შეძლოს.
„ზამთრის დადგომამდე ენერგეტიკის სფეროში დაახლოებით 350 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას ვუწევთ - გენერატორების, სატრანსფორმატორო ქვესადგურებისა და საჭირო სარემონტო კომპლექტების შესაძენად“, - აღნიშნა მერცმა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების შედეგების შემსუბუქებას და ადამიანების, განსაკუთრებით ცივი ზამთრის დღეებში, მხარდაჭერას.