უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ცდილობს, უკრაინელები, განსაკუთრებით კიევის მცხოვრებლები, დედაქალაქიდან წავიდნენ. ამის შესახებ მან გამოცემა El País-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მოსკოვი ამ მიზნის მიღწევას სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებითა და ქალაქის პარალიზებით ცდილობს.
„მათ სურთ, უკრაინელებმა, განსაკუთრებით კი დედაქალაქის მცხოვრებლებმა, დედაქალაქი დატოვონ. სინამდვილეში, ეს მათი მიზანი იყო ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, 2022 წელს რუსეთის მიზანი იყო, კიევი დაეტოვებინა მოსახლეობას, რათა ეჩვენებინა, რომ „თუ დედაქალაქი არ გაქვს, ქვეყანაც არ გაქვს“. თუმცა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მხოლოდ დედაქალაქით არ შემოიფარგლება და „კიევი კვლავ ძლიერია“.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი კიევში არამხოლოდ სამხედრო ობიექტებს, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც ესხმის თავს, რათა ქალაქის ყოველდღიური ცხოვრება შეაფერხოს და მოსახლეობას მუშაობისა და ბავშვებს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სიარულის შესაძლებლობა შეუზღუდოს.
„ისინი თავს ესხმიან იმისთვის, რომ ქალაქი პარალიზებული იყოს და ადამიანებს სკოლაში ან სამსახურში წასვლაში ხელი შეუშალონ, რადგან მათი შვილები ამ თავდასხმების გამო გაკვეთილებსა და საბავშვო ბაღებში ვერ დადიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად ომის ესკალაციას კიდევ უფრო გააძლიერებს. მისი თქმით, პუტინის ტაქტიკა კონფლიქტის მაქსიმალურად გამწვავებაა. აშშ-ის შუალედური არჩევნები 2026 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.