უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოთხი წინადადება მიიღო - ინდოეთის, თურქეთის, ეგვიპტისა და აშშ-ისგან. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრი სიბიჰას განცხადებით, კიევი მზად არის ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ფორმატი განიხილოს, თუმცა აუცილებელ პირობად ენერგეტიკულ და შავი ზღვის მიმართულებებზე ერთდროულ შეთანხმებას მიიჩნევს.
„ჩვენ გვაქვს ოთხი წინადადება. ყველაზე ფართო ინდოეთის წინადადებაა. ჩვენ მზად ვართ ენერგეტიკული და შავი ზღვის მიმართულებით ცეცხლის შეწყვეტისთვის, მაგრამ მხოლოდ ამ კომბინაციით - ენერგეტიკა და ცეცხლის შეწყვეტა შავ ზღვაზე. ეს გულისხმობს სრულ ენერგეტიკულ ზავს, ყველა ენერგეტიკულ ობიექტზე, მათ შორის საპორტო ინფრასტრუქტურაზე, დარტყმების შეწყვეტას“, - განაცხადა სიბიჰამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მინისტრის თქმით, თურქეთისა და ეგვიპტის წინადადებები შავ ზღვაში ე.წ. სასურსათო ან „მარცვლეულის“ ზავის ამოქმედებას ითვალისწინებს, რაც მარცვლეულის ექსპორტის აღდგენას უნდა შეუწყოს ხელი.
მეოთხე წინადადება აშშ-ს ეკუთვნის და ენერგეტიკული ზავის მიღწევას ეხება. სიბიჰას თქმით, ეს საკითხი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრის დროსაც განიხილეს.
სიბიჰამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ფორმატისთვის, მათ შორის ფრონტის ხაზზე უპირობო ზავის ვარიანტისთვის.
ამასთან, „ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, თურქეთი და გაერო ახალ მოლაპარაკებებს ამზადებენ უკრაინასა და რუსეთს შორის შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე, მათ შორის მარცვლეულის ექსპორტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.