ჰორმუზის სრუტეში, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ სამ ნავთობტანკერს დაუდგენელი ჭურვები მოხვდა. ამის შესახებ Reuters საზღვაო სადაზვერვო სამსახურის, Marisks-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
გემებს ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემის (AIS) ტრანსპონდერები გამორთული ჰქონდათ, რათა მათი აღმოჩენა გართულებულიყო.
გემებიდან ერთ-ერთი -- Mersin Prosperity, ჰორმუზის სრუტეში მარცხენა ბორტის მხრიდან მოხვედრილი ჭურვით დაზიანდა, ხოლო Sinbad-ს ჭურვი სრუტეში შესვლისას მოხვდა. მესამე გემზე - Al Ruwais-ზე, ასევე დაფიქსირდა უცნობი ჭურვის დარტყმა. ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრმა (UKMTO) სამივე შემთხვევა დაადასტურა, თუმცა თავდასხმების მასშტაბისა და გემებისთვის მიყენებული ზიანის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
Reuters-ის ცნობით, Al Ruwais-მა სექტემბრის ბოლოს ომანის პორტ სოჰარის სიახლოვეს სხვა გემთან დიზელის საწვავის გადატვირთვის ოპერაცია განახორციელა. Mersin Prosperity-მ კი სექტემბრის შუა რიცხვებში იმავე რაიონში სხვა გემს დაახლოებით 2 მილიონი ბარელი ერაყული Basrah-ის ტიპის ნავთობი გადასცა.
ამ ეტაპზე უცნობია, ვინ განახორციელა თავდასხმები. Reuters-ის ინფორმაციით, სამივე ინციდენტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.