ჩვენ ვამაყობთ და ქედს ვიხრით შოთა მუსაევისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა სიმამაცემ 174 მგზავრის უსაფრთხოდ დაბრუნებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა. მათ შორის, ვისი გმირობისა და სიმამაცის წყალობითაც Flydubai-ს რეისის მგზავრები გადარჩნენ, არის ქართული წარმოშობის ისრაელელი ექიმი - შოთა მუსაევი, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩო სოციალურ წერს, რითაც ეხმაურება Flydubai-ს რეისზე მომხდარ შემთხვევას.
როგორც საელჩო აღნიშნავს, შოთა მუსაევის ქმედებით მოხდა კატასტროფის თავიდან აცილება და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა.
„ის დაუფიქრებლად ერთ-ერთი პირველი შევარდა პილოტების კაბინაში, სხვა გმირ მგზავრებთან ერთად გაანეიტრალა ტერორისტი, რის შემდეგაც მძიმედ დაჭრილ პილოტს აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. შოთა მუსაევმა შეძლო ძლიერი სისხლდენის შეჩერება და გმირი პილოტის, კაპიტანი სმიტ მაჩჰარის მდგომარეობის დასტაბილურება თვითმფრინავის დაშვებამდე.
ექიმი შოთას მოქმედება იმ საერთო, გამორჩეული ძალისხმევის ნაწილი იყო, რომელმაც კაპიტნის, მგზავრებისა და ეკიპაჟის სიმამაცის წყალობით კატასტროფა თავიდან აიცილა და ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა”, - წერს საელჩო.
ცნობისთვის, პილოტებს შორის დაპირისპირების გამო, დუბაი-თელ ავივის რეისი საუდის არაბეთში დაჯდა. ინციდენტისას თვითმფრინავმა „უკანონო ჩარევისა“ და საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალები გაგზავნა. მომხდარის შემდეგ თვითმფრინავი ტაბუკის აეროპორტში დაეშვა. ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელში სულ უფრო მეტად განიხილავენ ვერსიას, რომ Flydubai-ის რეისზე საგანგებო შემთხვევა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო.