აშშ-ის ტენესის შტატში სიკვდილმისჯილი 50 წლის კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ვერ შედგა, მიუხედავად იმისა, რომ მას ლეტალური ინიექციის ორი დოზა გაუკეთეს. პაიკი გადარჩა და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუწყება The Guardian
პაიკისთვის სასიკვდილო ინიექციის პროცედურა 30 სექტემბერს ნეშვილის ციხეში ჩატარდა. მას ინექციის ორი დოზა გაუკეთეს, თუმცა პროცედურის დასრულების შემდეგ მისი გულისცემა და სუნთქვა შენარჩუნებული იყო. მედიის წარმომადგენლების ინფორმაციით, მეორე ინიექციის შემდეგაც ის ხვრინავდა.
პაიკის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პროცედურის დროს შეიტანეს გადაუდებელი შუამდგომლობა მისი სიკვდილით დასჯის შეჩერების მოთხოვნით. მათი თქმით, პაიკს გონება ჰქონდა დაკარგული, თუმცა გულისცემა კვლავ აღენიშნებოდა. მოგვიანებით იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
პაიკს სიკვდილით დასჯა 1995 წელს, 18 წლის ასაკში, თანაკლასელის, კოლინ სლემერის მკვლელობისთვის ჰქონდა მისჯილი. მისი სიკვდილით დასჯა ტენესიში ბოლო 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქალის მიმართ პირველი ასეთი შემთხვევა უნდა ყოფილიყო.
არსებული ცნობებით, 1995 წლის 12 იანვარს, ტენესის შტატის ქალაქ ნოქსვილში, 18 წლის კრისტა პაიკმა თანამზრახველებთან - 17 წლის შეყვარებულთან ტადარილ შიპთან და 18 წლის შადოლა პეტერსონთან ერთად 19 წლის კოლინ სლემერი მოკლა. ოთხივე Job Corps-ის პროფესიული მომზადების პროგრამის მონაწილე იყო.
საქმის სასამართლო მასალების მიხედვით, პაიკი სლემერით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ეჭვი გაუჩნდა, რომ ახალგაზრდა ქალი მის შეყვარებულთან, შიპთან, სასიყვარულო ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა. სასამართლოს ჩანაწერებში ასევე წერია, რომ მკვლელობამდე ერთი დღით ადრე პაიკმა თანაკურსელ კიმ ილოილოს უთხრა, რომ სლემერის მოკვლა სურდა.
მეორე საღამოს პაიკმა, შიპმა, პეტერსონმა და სლემერმა ერთად დატოვეს Job Corps-ის საცხოვრებელი. ისინი ნოქსვილის იზოლირებულ ტერიტორიაზე, ტენესის უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო კამპუსთან ახლოს წავიდნენ. დაახლოებით ორი საათის შემდეგ პაიკი, შიპი და პეტერსონი უკან დაბრუნდნენ, ხოლო სლემერი მათთან ერთად აღარ იყო.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების მიხედვით, წამება დაახლოებით 30-45 წუთს გაგრძელდა. სლემერს სცემდნენ, ბასრი საგნებით ჭრილობებს აყენენდნენ და თავში მძიმე საგანს ურტყამდნენ. სასამართლოს ჩანაწერში აღნიშნულია, რომ მას სხეულზე, მათ შორის მკერდზე, პენტაგრამა ამოკვეთეს მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
პაიკმა მოგვიანებით თავის თანაკურსელ კიმ ილოილოს მოუყვა მკვლელობის შესახებ. სასამართლო მასალების თანახმად, მან თქვა, რომ სლემერს ყელი რამდენჯერმე გამოჭრა, შემდეგ კი თავში ასფალტის ნატეხს ურტყამდა. პაიკმა ასევე ილოილოს მსხვერპლის თავის ქალის ფრაგმენტი აჩვენა, რომელიც, მისი თქმით, მკვლელობის ადგილიდან „სუვენირად“ წამოიღო.
სლემერის ცხედარი 13 იანვარს აღმოაჩინეს ტენესის უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო კამპუსის ტერიტორიაზე. პაიკი და მისი თანამზრახველები მალევე დააკავეს