საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცველებმა 625 ადამიანი დააკავეს. დაშავდა 83 პოლიციელი და ჟანდარმი. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა განაცხადა.
აქციები საფრანგეთში გასული კვირიდან მიმდინარეობს. მოსწავლეები აპროტესტებენ სასწავლო განრიგს, კლასებში მოსწავლეების დიდ რაოდენობას, მასწავლებლების დეფიციტსა და მაღალი ტემპერატურის დროს საკლასო ოთახების არასათანადო კონდიცირებას. პროტესტი თავდაპირველად პარიზის ილ-დე-ფრანსის რეგიონში დაიწყო და შემდეგ ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.
ნუნიესის განცხადებით, 30 სექტემბერს საპროტესტო გამოსვლებმა და სკოლების ბლოკირებამ მთლიანობაში 356 სკოლა მოიცვა. მინისტრმა ასევე დაგმო რამდენიმე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობის ესკალაცია.
საფრანგეთის განათლების მინისტრ ედუარ ჟეფროის ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან დაშავდა 119 მოსწავლე და განათლების სფეროს თანამშრომელი.
30 სექტემბერს ქვეყნის რამდენიმე ქალაქში პოლიციასა და მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ლილში დემონსტრანტებმა ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს, სამართალდამცველებს კი სხვადასხვა ნივთი ესროლეს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
პროტესტები განათლების სფეროში რესურსების გაზრდას, მასწავლებლების დეფიციტის აღმოფხვრასა და სკოლებში პირობების გაუმჯობესებას უკავშირდება. მთავრობამ განაცხადა, რომ მოსწავლეებთან კონსულტაციების პლატფორმას შექმნის, სადაც ისინი საკუთარ მოთხოვნებსა და პრობლემებზე საუბარს შეძლებენ.