აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ირანის დელეგაციას, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის, ნიუ იორკის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ამის შესახებ Axios აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც Axios წერს, გადაწყვეტილება ორშაბათს, საღამოს მიიღეს. აშშ-ის მისიამ გაერო-ში ირანის მისიას აცნობა, რომ არაღჩისა და დელეგაციის სხვა წევრებს ნიუ იორკი დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინათ. დელეგაციამ ნიუ იორკიდან დოჰაში გამგზავრება სამშაბათს, ღამის 1:20 საათზე შეძლო.
ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, ირანის დელეგაციამ აშშ-ში „ზედმეტად დიდხანს დაყო“, ხოლო გაერო-ს გენერალური ასამბლეის დასრულების შემდეგ მათი დარჩენის მიზეზი აღარ არსებობდა.
კატარის შუამავლობით აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ომზე, ჰორმუზის სრუტის საკითხსა და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლებაზე მიმდინარეობდა, თუმცა მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა.
ამასთან, ირანის დელეგაცია აშშ-ის ვერსიას უარყოფს. ირანის გაერო-ს მისიამ განაცხადა, რომ დელეგაციამ ნიუ იორკი ორშაბათს დატოვა წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად და ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერ კიდევ 17 სექტემბერს აცნობეს.