ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას სერიოზულად არ აღიქვამს და ალიანსის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ რეალურ რისკს ამ ეტაპზე ვერ ხედავს.
რუტემ აღნიშნული მას შემდეგ განაცხადა, რაც ჟურნალისტმა ჰკითხა, გახდა თუ არა რუსეთის მიერ ნატო-სთვის გაგზავნილი წერილის ფონზე ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალური, მათ შორის ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ.
„არა, ასე არ არის“, - უპასუხა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
„პუტინმა იცის, რომ ნატო-ს ვერასდროს დაამარცხებს, ამიტომ ამას ასე სერიოზულად არ აღვიქვამ“, - განაცხადა რიუტემ.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ალიანსს რუსეთისთვის მკაფიო პასუხი უნდა გაეცა.
„ჩვენ პასუხი უნდა გაგვეცა და მისთვის (ვლადიმირ პუტინისთვის) მკაფიოდ უნდა გვეთქვა, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია“, - აღნიშნა რუტემ.
რუტეს განცხადება რუსეთის მიერ ნატო-სთვის კალინინგრადთან დაკავშირებით გაგზავნილ არაოფიციალურ დოკუმენტს მოჰყვა, რომელშიც მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზეც მიუთითებს. ნატო-ს შეფასებით, რუსეთის ბირთვული რიტორიკა უპასუხისმგებლობაა.
რუტემ ასევე აღნიშნა, რომ ალიანსის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ამ ეტაპზე უშუალო საფრთხე არ არსებობს, თუმცა ნატო ნებისმიერი საფრთხისთვის მზად არის.
„შეწყვიტეთ ბირთვული მუქარა - ეს სრულიად შეუსაბამოა და არაფერს უწყობს ხელს. და, პირველ რიგში, შეწყვიტეთ უკრაინის ომი, რომელიც არაპროვოცირებული აგრესიული ომია“, - მიმართა მარკ რუტემ ვლადიმირ პუტინს.
Reuters.-ის ცნობით, რუსეთმა ნატო-ს არაოფიციალური დოკუმენტი გაუგზავნა, რომელშიც კალინინგრადის ოლქისთვის ნატო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს. ალიანსმა მოსკოვს უპასუხა და ძალის გამოყენების ნებისმიერი მუქარა, მათ შორის „უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა“, დაგმო.
ნატო-ს პრესსპიკერმა ელისონ ჰარტმა დაადასტურა, რომ რუსეთმა ალიანსს დოკუმენტი გაუგზავნა და ნატო-მაც საპასუხო დოკუმენტი გაგზავნა.
„შემიძლია დავადასტურო, რომ რუსეთმა ნატო-ს არაოფიციალური დოკუმენტი გაუგზავნა და ჩვენ საპასუხოდ აღვნიშნეთ, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია და ჩვენი არც ერთი მოქმედება ან სამხედრო წვრთნა რუსეთის რომელიმე ნაწილისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, - განაცხადა ჰარტმა.