ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ დონეზე დაეცა, სააკაშვილის სტილში იბრალებს, თითქოს საქართველო მან ააშენა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
ის გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილს.
„პირველ პირში საუბრობს, თითქოს ყველაფერი მისი გაკეთებულია. ეს მსუბუქად რომ ვთქვათ, მისი მხრიდან უსამართლოა ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გუნდის გაკეთებულია და ღარიბაშვილმაც, რა თქმა უნდა, თავისი წვლილი შეიტანა. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ წერილებში ხან ახსენებს იმას, თითქოს რაღაც იმალებოდა ადამიანის თვითმკვლელობის უკან. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ზღაპარი იყო. თითქოს მისი დამსახურებაა დავით გარეჯის რუკების საქართველოში დაბრუნება, აღმოჩნდა, რომ ესეც ზღაპარი იყო. ახლა პირველ პირში საუბრობს, რომ ყველაფერი მისი გაკეთებულია და სააკაშვილის სტილში იბრალებს, რომ საქართველო მან ააშენა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ დონეზე დაეცა. ვისურვებდი ასეთი ტიპის წერილები აღარ გააგრძელოს, რომელიც თავის თავს აზიანებს, ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს. ის როგორი პოლიტიკური ქულების ჩაწერასაც არ უნდა ცდილობდეს, ჩემთვის ძალიან რთულად წარმოსადგენია ადამიანმა პოლიტიკურ დივიდენდზე იფიქროს, როდესაც ბრალი აქვს აღიარებული და ამ ბრალის გამო სასჯელს იხდის. მისი ბინიდან ამოღებულია ძვირფასი ნივთები, რამდენიმე მილიონი და განმარტება არ აქვს გაკეთებული, ეს ქონება საიდან მოიპოვა. შესაბამისად რაიმე პოლიტიკურ დივიდენდებზე საუბარი აქ ზედმეტია“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ ირაკლი ღარიბაშვილი თავის მორიგ წერილში წერს: „საზოგადოებას მსურს, ფაქტებით შევახსენო, თუ რა ვითარებაში დავბრუნდი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2021 წლის თებერვალში: ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური კრიზისი, კოვიდპანდემია ჩაკეტილი ქვეყანა, დაკეტილი ეკონომიკა, … ასეთ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა გახარიამ, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა. ხელისუფლება ჩამოშლის პირას იყო, მმართველი პარტია – დემორალიზებული“.