4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ბექა ჭულუხაძეს 1-წლიანი რეალური და 2-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. შესაბამისად, მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას ივლისში დატოვებს.
ადოკატი გაიოზ ჩარკვიანის თქმით, ჭულუხაძეს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია და საპროცესო შეთანხმება არც მის დაკითხვას და არც რაიმე სახის აღიარებას ეფუძნება.
"ერთი წელი რეალური სასჯელი პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ორი წელი პირობითი მსჯავრი დაედო. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული მტკიცებულებები, რომელი მტკიცებულებებიც სისხლის სამართლის საქმეში იყო და დევს, აღნიშნულთან დაკავშირებით, მოწმეთა ჩვენებები ყველა გავხადეთ უდავოდ. აქედან გამომდინარე, არ არსებობს იმის დადასტურება, რომ შესაბამისად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის რაიმე დამატებითი ჩვენება მიეცეს. სადაც მე გავეცანი საპროცესო შეთანხმების ოქმს და შუამდგომლობას, არავითარი აღიარება, არავითარი დაკითხვა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ არ არის მომხდარი, არანაირი მტკიცებულებები, ჩვენება არ მიუცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს", - ამბობს ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი "ტვ პირველთან".
ბექა ჭულუხაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გასული წლის 6 ოქტომბერს, დაუსწრებლად წარუდგინეს. ასევე დაუსწრებლად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა, 8 ოქტომბრიდან კი, მასზე ძებნა გამოცხადდა.
სუს-ის თანახმად, ჭულუხაძეს 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან.
დაკავებისას სუს-ში გამართული ბრიფინგის თანახმად, ისინი ასევე მუშაობდნენ ბექა ჭულუხაძისა და მისთვის დანაშაულებრივი დავალებების მიმცემი პირების კონტაქტების დადგენაზე ბაჩანა ახალაიასთან, პაატა ბურჭულაძესთან და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან.