გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, განცხადებებმა აჩვენა, რომ მოსკოვი ამ ეტაპზე სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის. ამის შესახებ მერცმა Politico-ს განუცხადა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული ლავროვს 26 სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ-იორკში შეხვდა. ეს 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა იყო.
შეხვედრის შემდეგ ლავროვმა ვადეფულის პოზიციას „არაფერი ახალი“ უწოდა.
„ამ შეხვედრის რუსეთის მხრიდან შემდგომმა შეფასებამ აჩვენა, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე საერთოდ არ არის დაინტერესებული სერიოზული მოლაპარაკებებით. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება - არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური, ფინანსური და ეკონომიკური მიმართულებითაც“, - განაცხადა მერცმა.
გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბა ბერლინის მოთხოვნები რუსეთის მიმართ: მოსკოვმა უნდა შეწყვიტოს უკრაინაში ომი, ევროპას უნდა ჰქონდეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ომის დასრულების პირობებზე გამართულ ნებისმიერ მოლაპარაკებაში, ხოლო უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების გზა უნდა გაეხსნას.
„კიდევ ერთხელ შემიძლია მხოლოდ ხაზი გავუსვა, რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს და თავად რუსეთს მნიშვნელოვანი ზარალის, მათ შორის ეკონომიკური ზარალის, გაღება მოუწევს. თუ რუსეთი ამ ომს გააგრძელებს, ამისთვის მაღალ ფასს გადაიხდის“, - აღნიშნა მერცმა.
ამასთან, ვადეფულმა შეხვედრის შემდეგ განმარტა, რომ ლავროვთან საუბრის მიზანს რუსეთისთვის ესკალაციის დაუშვებლობის შესახებ მკაფიო გზავნილის გადაცემა წარმოადგენდა. მისივე თქმით შეხვედრის მიზანი და ასევე იყო ის, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები მხოლოდ აშშ-ის ინიციატივებზე არ ყოფილიყო დამოკიდებული.
გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე შავი ზღვის მარცვლეულის ბლოკადის საკითხიც განიხილეს, თუმცა ამ მიმართულებით შედეგს ვერ მიაღწიეს.