აშშ-მა ირანის თავდაცვის სამინისტროსთვის იარაღისა და მისი კომპონენტების შესყიდვაში დახმარების გამო 10 პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სასანქციო სიაში, მათ შორის, ჩინეთში, ჰონგ-კონგსა და პაკისტანში დაფუძნებული პირები და ორგანიზაციები მოხვდნენ. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმაანაცხადა. იუწყება Reuters.
სანქციები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უფრო ფართო კამპანიის ნაწილია, რომელიც ირანის ეკონომიკურ იზოლაციას და თეირანისთვის ზეწოლის გაზრდას ისახავს მიზნად, რათა მან აშშ-ირანის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
„ოპერაცია Economic Outcast-ის ფარგლებში სახაზინო დეპარტამენტი კვლავ გამოავლენს და დაბლოკავს მათ, ვინც ირანის რეჟიმს მატერიალურ, ტექნოლოგიურ ან ფინანსურ მხარდაჭერას უწევს, რაც მას ტერორისტული საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს. სახაზინო დეპარტამენტი რეჟიმის მხარდაჭერის არც ერთ ფორმას არ შეეგუება და კვლავ გააგრძელებს იმ პირების გამოვლენას, მხილებასა და იზოლირებას, რომლებიც ირანს ეხმარებიან“, - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციების მიზანია შესუსტოს თეირანის შესაძლებლობები აღადგინოს საკუთარი შეიარაღების პროგრამები და ამავდროულად გაზარდოს იმ პირებისა და ორგანიზაციების ხარჯები, რომლებიც ირანისთვის იარაღის შესყიდვას უწყობენ ხელს.