უკრაინამ ოქტომბრისთვის შორი მანძილის დარტყმები დაამტკიცა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტნა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროსთან, სამხედროებთან და უკრაინული იარაღის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირებთან თათბირის შემდეგ დამტკიცებულ იქნა შორი მანძილის ოპერაციები ოქტომბრისთვის..
„დღეს ჩვენმა სამხედროებმა წარმოადგინეს ანგარიში ჩვენი შორ მანძილზე მოქმედებების შესახებ - უახლოესი პერიოდის პრიორიტეტებზე და იმ ოპერაციებზე, რომლებსაც ვამზადებთ.
უკრაინის ყველა საკვანძო ამოცანა შორ მანძილზე დარტყმების მიმართულებით სრულდება, რუსეთის ნავთობის ინდუსტრია უკრაინის გავლენას უკვე გრძნობს და მომავალშიც იგრძნობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ოქტომბრისთვის განისაზღვრა რუსული რეაქტიული დრონების ჩამოსაგდებად განკუთვნილი ჩამჭრელი რაკეტების წარმოების კონკრეტული მოცულობები.
„ყოველ კვირას დეტალურად ვმუშაობთ ჩამჭრელი რაკეტების, საჭირო კომპონენტების მწარმოებლებთან, რაც რუსეთის რეაქტიულ შესაძლებლობებსა და უპილოტო აპარატების გამოყენებით განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხის გასაცემად არის საჭირო. ამჟამად უკრაინული ჩამჭრელი რაკეტები უკვე საბრძოლო პირობებში გამოიყენება. მათი ეფექტიანობა ჯერ საკმარისი არ არის, თუმცა ყოველ კვირას უნდა გაიზარდოს ჩამოგდებული დრონების პროცენტული მაჩვენებელი. ასეც იქნება. ოქტომბრისთვის ამოცანები განვსაზღვრეთ - წარმოების კონკრეტული მოცულობები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეს სტრატეგიული ამოცანაა და როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, ისე უკრაინის შეიარაღებული ძალების დონეზე, ასევე თითოეული მწარმოებლისთვის, მკაფიოდ არის განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოები.