გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გზებზე მუშაობს, რადგან, მისი შეფასებით, ეს ამჟამად კიევის ყველაზე სუსტი წერტილია.
ამის შესახებ მერცმა ბერლინში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მერცის თქმით, ის მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთან პირადი საუბრისას ცდილობს, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების დამატებითი მიწოდება უზრუნველყოს.
„ამჟამად ეს ყველაზე სუსტი წერტილია. იმედი მაქვს, შევძლებთ, უკრაინა მოახლოებული ზამთრისთვის, მათ შორის ენერგომომარაგების კუთხითაც, მოვამზადოთ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მერცმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ინტენსიურად განიხილავს უკრაინისთვის დახმარების გაძლიერების საკითხს ევროპული საბჭოს 15-16 ოქტომბრის სხდომის წინ, რომელიც ბრიუსელში გაიმართება.
მისი თქმით, საუბარია, მათ შორის, „უკრაინის ბიუჯეტისთვის ძალიან კონკრეტულ დახმარებაზე“ და ყველა შესაძლო შესაძლებლობის გამოყენებაზე ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.
მერცმა აღნიშნა, რომ თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინას „მოსალოდნელი, ძალიან, ძალიან მძიმე ზამთრის“ გადატანაში დაეხმაროს.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ რამდენიმე სახელმწიფოსგან საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერის პაკეტები მიიღო.