საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაგმო რუსეთის მიერ კიევში უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაზე განხორციელებული დარტყმა და განაცხადა, რომ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ყოველდღიური თავდასხმები სულ უფრო ბარბაროსული ხდება.
„ვლადიმირ პუტინის რეჟიმმა დარტყმა მიაყენა უკრაინის უდიდეს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას - უკრაინის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას. ეს დარტყმები რუსეთის რეჟიმის მეცნიერებისა და სიმართლის მიმართ მტრული უპატივცემულობის კიდევ ერთი დასტურია. ჩვენ ვიზიარებთ დაზარალებულებისა და მათი ოჯახების ტკივილს“, - წერს მაკრონი X-ზე .
მისივე თქმით, საფრანგეთი და ევროპა უკრაინელ ხალხს იმდენ ხანს დაუჭერენ მხარს, რამდენიც საჭირო იქნება.
28 სექტემბერს რუსული დრონი კიევის ცენტრში უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობას დაეჯახა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა 2 ადამიანი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კიევზე განხორციელებული იერიშების შედეგად 26 ადამიანი დაშავდა, ორი კი დაიღუპა.