გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას ვერ დაინახა რუსეთის მხრიდან ომის დასრულებისა და შემდგომი ესკალაციის შეწყვეტის მზადყოფნა.
ვადეფული და ლავროვი 26 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური დებატების ფარგლებში შეხვდნენ.
ვადეფულმა განაცხადა, რომ ლავროვთან საუბრისას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების საკითხი და კონკრეტულად ლაიფციგის აეროპორტში დრონთან დაკავშირებული ინციდენტი განიხილა. ვადეფულის თქმით, მან ლავროვს მკაფიოდ უთხრა, რომ მომხდარით „ზღვარი გადაილახა“ და გერმანია მსგავსი შემთხვევის განმეორებას არ შეეგუება.
„ჩვენ ველით, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება და მზად ვართ, ნებისმიერ მომენტში ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ვადეფულმა.
მისი თქმით, შეხვედრისას ასევე ისაუბრეს უკრაინიდან და რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტზე და უკრაინის მხარდაჭერაზე. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ამ ეტაპზე მოლაპარაკებების კონსტრუქციულ პოზიციაზე გადასვლის მზადყოფნა არ ჩანს.
„რუსეთი ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, არ ავლენს მზადყოფნას, კონსტრუქციულად ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში“,- განაცხადა ვადეფულმა.
ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ლავროვთან შეხვედრა უკრაინის მომავალზე მოლაპარაკებას არ წარმოადგენდა. მისი თქმით, უკრაინის მომავალთან დაკავშირებულ საკითხებს თავად უკრაინელები განსაზღვრავენ.
ვადეფულის თქმით, გერმანიისა და რუსეთის მთავრობებს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოებები არსებობს, თუმცა დიალოგის არხების შენარჩუნება აუცილებელია.
„ჩვენი მთავრობების პოზიციებს შორის მართლაც არსებობს პრინციპული განსხვავებები, რომლებზეც ასევე უნდა ვისაუბროთ. ცივი ომის დროს მხარეებს შორის მოსაზრებების გაცვლა და კონტაქტები არასდროს შეწყვეტილა. ამიტომ სწორად მივიჩნიე, სწორედ ახლა გვქონოდა მცდელობა, გვეპოვა ასეთი დიალოგის პირველი შესაძლებლობა“, - განაცხადა ვადეფულმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვს განუცხადა, რომ ბერლინი უკრაინის მხარდაჭერას არ შეამცირებს და რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ ზეწოლასაც შეინარჩუნებს.
„ეს მხარდაჭერა აბსოლუტურად ურყევია და ახლა რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს. არ არსებობს ამ ომის გამართლება, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება, მათ შორის რუსების, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის“, - განაცხადა ვადეფულმა.
ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის დელეგაციის მხრიდან ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების დაწყების მზადყოფნა ვერ დაინახა.
„ყველას, ვინც კვლავ ამბობს, რომ გერმანიამ მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს და რუსეთს უნდა ესაუბროს, ახლა ვეუბნები: ჩვენ ამას ვაკეთებთ. და, სამწუხაროდ, რუსეთი ამჟამად არ ავლენს მზადყოფნას, კონსტრუქციული მოლაპარაკების პოზიცია დაიკავოს“, - განაცხადა ვადეფულმა.
რუსული სახელმწიფო სააგენტო „ტასის" ინფორმაციით, შეხვედრა 20 წუთზე მეტხანს გაგრძელდა და მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და უკრაინის გარშემო არსებული ვითარება განიხილეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, შეხვედრა გერმანული მხარის ინიციატივით გაიმართა.
გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ბოლოს 2022 წლის 18 იანვარს, მოსკოვში შეხვდნენ. მაშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი რუსეთის დედაქალაქში ჩავიდა იმ ფონზე, როდესაც უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა და დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები მოსკოვის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის მზადების შესახებ აფრთხილებდნენ.