"ქართული ოცნება" განაგრძობს საქართველოს ძარცვა-გაღატაკებას!" - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ კოალიციის ოფიში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სამუშიას თქმით, აგვისტოს თვის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეების მიერ ჯარიმებისა და საურავების სახით გადახდილმა თანხამ 404 მილიონი ლარი შეადგინა.
"ქართული ოცნება" განაგრძობს საქართველოს ძარცვა-გაღატაკებას!
ეს გამოსახულია კონკრეტულ რიცხვებში, კერძოდ, აგვისტოს თვის ჩათვლით 404 მილიონი ლარი ამოუღეს საქართველოს მოქალაქეებს ჯიბიდან ჯარიმებისა და საურავების სახით. ეს არის პარკირების ჯარიმები, როდესაც ქალაქში პარკირება მოუწესრიგებელია და გავლა შეუძლებელია, ავტობუსით და მეტროთი მგზავრობისას გამოწერილი ჯარიმები, ადამიანებს უბრალოდ უჭირთ არჩევანის გაკეთება - მედიკამენტი იყიდონ თუ საკვები. ავტომანქანების ჯარიმები, როდესაც სრულიად მოუწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა. გახსნეს ავტობანი გრიგოლეთია მიმართულებით, რომელზეც ათობით მილიონია დახარჯული და დღეს ეს ავტობანი დაკეტილია.
ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ხელფასები თავიანთ თავებს ათასებით მოუმატეს - 12, 14, 16 ათასი ლარი აქვთ, პენსიონერებს კი მხოლოდ 20 ლარით გაუზარდეს პენსია. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ოქროს ზოდები და მილიონები ამოაქვთ თავიანთი
სახლებიდან ერთმანეთთან დაპირისპირებულ კლანებს. კორუფციაში იხარშება თავიდან ბოლომდე "ქართული ოცნება", ხოლო საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან.
ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველო 22 737-მა ბავშვმა დატოვა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში - მშობლებმა სკოლებიდან გამოიყვანეს და ემიგრაციაში წაიყვანეს. საქართველო იცლება საქართველოს მოქალაქეებისგან, ვინაიდან აქ ცხოვრება გაუსაძლისია! ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი
აღიარებს, რომ ჯარს ძარცვავდა, პრემიერ-მინისტრი და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ბრალდებულნი არიან ქრთამის აღებაზე.
"ქართულ ოცნებას" რომ ჰკითხო მშვიდობა და ეკონომიკური აღმავლობა მოვიტანეთო. რეალურად, ეს არის ის უბედურება, რაც "ქართულმა ოცნებამ" ჩვენს ქვეყანას მოუტანა". - განაცხადა ლევან სამუშიამ.