კახეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, სოფელ ომალოს მიმდებარედ, ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდმოიპოვა და დაასაწყობა 28 ცალი წიფლის სახეობის სამასალე მერქანი საერთო მოცულობით 12 კუბური მეტრი. ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქნის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილი.
საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია ახმეტის საქმიან ეზოში.
„ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციის მიზნით, აქტიურად მუშაობენ 9 რეგიონული სატყეო სამსახურის თანამშრომლები. სამართალდარღვევისმონიტორინგს თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით ვახორციელებთ. კონკრეტული ფაქტი კახეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა. ამ მიმართულებით თანამშრომლობას შესაბამის უწყებებთან მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.
ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.