ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ 15 პოლიტპატიმარი შეიწყალა. შესაბამისი განკარგულება მან 24 სექტემბერს გამოსცა. ამის შესახებ Reuters წერს. 13 მათგანს ბელარუსის ხელისუფლება „ექსტრემისტული ხასიათის დანაშაულის“ ჩადენაში ადანაშაულებდა. ლუკაშენკას ადმინისტრაციის განცხადებით, შეწყალების თხოვნით პატიმრებმა თავად მიმართეს ხელისუფლებას.
Reuters-ის ცნობით, გათავისუფლებულთა შორის 10 ქალია.
პოლიტპატიმრების გათავისუფლება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, წარმომადგენელ ჯონ კოულთან ბელარუსის ხელისუფლების მოლაპარაკებების ფონზე მოხდა. კოული ლუკაშენკასთან მოლაპარაკებებს ერთ წელზე მეტია აწარმოებს და ამ პერიოდში ასობით პატიმრის გათავისუფლებას მიაღწია, მათ შორის ოპოზიციონერების, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და იურისტების. სანაცვლოდ აშშ-მ ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული ზოგიერთი სანქცია შეამსუბუქა.
როგორც Reuters იუწყება, უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვიასნას“ თანახმად, ბელარუსში 883 პოლიტპატიმარია. ლუკაშენკა უარყოფს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არსებობენ.
გასულ კვირას, კოულის ბელარუსში ვიზიტის დროს, 25 პატიმრის გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ. ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლები იყო იმ 250 პატიმარზე, რომელთა გათავისუფლებასაც აშშ-ის წარმომადგენელმა მარტში მიაღწია.