დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა რუსეთს მოუწოდა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და დაჯდეს უკრაინასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან.
ამის შესახებ ბერნემმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, თავის პირველ გამოსვლაში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს შეუძლია ომის დასრულების მიმართულებით კურსი უკვე ხვალვე შეცვალოს.
„რუსეთს ხვალვე შეუძლია, სხვა გზა აირჩიოს -დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. მათ ამისკენ მოვუწოდებ“, - განაცხადა ბერნემმა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მანამდე ლონდონი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
„მანამდე კი, ჩვენ უკრაინის გვერდით ვიქნებით - იმაზე ძლიერად, ვიდრე ოდესმე, იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - თქვა მან.
ბერნემის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის შენარჩუნება, რათა მოსკოვი რეალურ მოლაპარაკებებში ჩაერთოს.
ბერნემმა 22 სექტემბერს ნიუ იორკში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდა. მათი შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს მოახლოებული ზამთარი, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა და რუსეთ-უკრაინის ომში ენერგეტიკული ზავის წინადადება. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ლიდერებმა ასევე ხაზი გაუსვეს პუტინის მიერ ომის დასასრულებლად შინაარსიან მოლაპარაკებებში მონაწილეობის აუცილებლობას.
მანამდე ბერნემმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისასაც განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკული ზავის მიღწევისთვის ძალისხმევის გაგრძელებაა საჭირო.