თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების მთავარი მიზანი მისი მუდმივი წევრებისთვის ვეტოს უფლების გაუქმება უნდა იყოს.
ერდოღანის თქმით, ბოლო წლების ტრაგიკულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ გლობალური კრიზისების გადაწყვეტის უფლებამოსილების რამდენიმე დედაქალაქის ნებაზე დამოკიდებულება თანამედროვე მსოფლიოს რეალობას აღარ შეესაბამება.
„გლობალური გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმების თანამედროვე პირობებთან ადაპტაციის გადადება აღარ შეიძლება. გაერო-ს უშიშროების საბჭო კვლავ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ეპოქის სტრუქტურას ასახავს“, - განაცხადა ერდოღანმა.
მისი შეფასებით, აუცილებელია გადაწყვეტილებების მიღებაში წარმომადგენლობის უფრო ეფექტიანი, სამართლიანი და ანგარიშვალდებული სისტემა.
ერდოღანის განცხადებით, ეს მხოლოდ წარმომადგენლობის გაფართოებას არ გულისხმობს და ასევე მოითხოვს ხელმძღვანელობითი პასუხისმგებლობის უფრო სამართლიან განაწილებას.
თურქეთის პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ უშიშროების საბჭოში ახალი მუდმივი წევრების დამატება პრობლემას ვერ გადაჭრის, რადგან ამ შემთხვევაში პრივილეგირებული სტატუსი კიდევ რამდენიმე ქვეყანაზე გავრცელდება. მის მიერ შემოთავაზებული მოდელის მიხედვით, უშიშროების საბჭოს წევრები გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ განსაზღვრული ვადით, როტაციის პრინციპით უნდა აირჩიოს.
ამ კონტექსტში ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ ვეტოს უფლების გაუქმება ნებისმიერი მნიშვნელოვანი რეფორმის როგორც ამოსავალი წერტილი, ისე მთავარი სტრატეგიული მიზანი უნდა იყოს.
მისი თქმით, ასევე საჭიროა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ფართო კოალიციის შექმნა იმ პრინციპზე დაყრდნობით, რომ არც ერთ სახელმწიფოს „არ უნდა ჰქონდეს უფლება, მუდმივად შეაფერხოს საერთაშორისო საზოგადოების უმრავლესობის ნება“.
მისი შეფასებით, აუცილებელია გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და გენერალურ ასამბლეას შორის ბალანსის აღდგენა.