თბილისის საბავშვო-ბაგა ბაღების მართვის სააგენტო ბავშვების ინტოქსიკაციის თაობაზე მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 184 ბაღი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს სააღმზრდელო პროცესს, დღის განმავლობაში კი არ გამოვლენილა ბავშვთა ავადობის არცერთი ფაქტი.
მათივე ცნობით, საბავშვო ბაღებში პროდუქტების შეტანის, დასაწყობების, მომზადებისა და მიწოდების წესები მკაცრ ყოველდღიურ კონტროლს გადის, რათა აღსაზრდელებამდე მივიდეს უსაფრთხო და სტანდარტით გათვალისწინებული საკვები.
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ თბილისის საბავშვო ბაღების უდიდესი უმრავლესობა, კერძოდ, 184 ბაღი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს სააღმზრდელო პროცესს, ზრუნვას აღსაზრდელებზე და უზრუნველყოფს კვების მიწოდებას პროდუქციის მიღებიდან საბოლოო მოხმარებამდე.
დღის განმავლობაში არ გამოვლენილა ბავშვთა ავადობის არცერთი ფაქტი. ამ ეტაპზე, სკოლამდელი განათლების მუნიციპალური სერვისის მიწოდება დროებით შეჩერებულია შვიდ საბავშვო ბაღში, სადაც ავადობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საბავშვო ბაღებში პროდუქტების შეტანის, დასაწყობების, მომზადებისა და მიწოდების წესები მკაცრ ყოველდღიურ კონტროლს გადის, რათა აღსაზრდელებამდე მივიდეს უსაფრთხო და სტანდარტით გათვალისწინებული საკვები.
ასევე ზედმიწევნით არის დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და მოთხოვნები.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა კვებით უზრუნველყოფის სისტემა წლებია პასუხობს ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს.
საბავშვო ბაღებში დანერგილია HACCP-ის სტანდარტი, რაც უზრუნველყოფს კვების მიწოდების უსაფრთხო ჯაჭვს მწარმოებლიდან საბოლოო მომხმარებლამდე. თითოეულ პროდუქტს, რომელიც შედის საბავშვო ბაღში, თან ახლავს ლაბორატორიული კვლევის ოქმები და სხვა სავალდებულო დოკუმენტაცია. ამასთან, ხდება კონკრეტული პროდუქტების სინჯების შენახვა გარკვეული ვადით.
აღსანიშნავია, რომ სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, საბავშვო ბაღების კვების ბლოკები მოწმდება როგორც სურსათის უვნებლობის სააგენტოს ექსპერტების, ისე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტების მიერ. სპეციალისტების მიერვე მოწმდება ბაღში არსებული გარემო, ასევე პროდუქტების საწყობები, ტემპერატურული რეჟიმები, პროდუქტის ხარისხი, წარმოების ვადები და ასე შემდეგ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა კლინიკებში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მიმართვიანობის მაჩვენებლის მატება.
რაც შეეხება გასულ 24 საათში გამოვლენილ მიმართვიანობის ფაქტებს და ავადობის გამომწვევ შესაძლო მიზეზებს, საკითხი კვლევის ეტაპზეა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოუთმენლად ელოდება სპეციალისტების დასკვნას, რის შემდეგაც გაკეთდება დამატებითი განმარტებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისათვის, საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ. მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.