ბულგარეთი ევროკომისიასთან ერთად შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე რეგიონულ სამიტს უმასპინძლებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური გამოსვლისას განაცხადა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი შუა დერეფნის განვითარებისთვის საჯარო და კერძო ინვესტიციების მოზიდვას გეგმავს და პროექტში 12 მილიარდ ევრომდე ინვესტიციის მობილიზებას ისახავს მიზნად.
„ჩვენ გავაგრძელებთ შუა დერეფნის განვითარებას. ბულგარეთთან ერთად მოვაწყობთ რეგიონულ სამიტს, რომელიც დაკავშირებადობას დაეთმობა“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
შუა დერეფანი, იგივე ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს. ევროკავშირი პროექტს სტრატეგიულ სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტად განიხილავს.