ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც გაწევრიანების პროცესში პროგრესს მიაღწიეს, სამოქმედო გეგმებს მალე წარადგენს.
მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოების პროცესი დამსახურებაზე იქნება დაფუძნებული და კანდიდატი ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი შეფასების მთავარი საფუძველი იქნება.
„მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც პროგრესს მიაღწიეს. ეს პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული იქნება. ვიმეორებ: ჩვენი ღირებულებების პატივისცემა განხილვას არ ექვემდებარება“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა რეფორმების მიმართულებით კონკრეტული შედეგები უნდა აჩვენონ და ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებებისადმი ერთგულება შეინარჩუნონ. ევროკომისიის ოფიციალურ მასალაში ასევე ნათქვამია, რომ გაფართოება კვლავ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად რჩება.