ბოლო სამ წელიწადში საქართველოდან ემიგრაციაში 400 000-მდე ადამიანი წავიდა. „ოცნების“ ხელისუფლება ამ ტრაგიკულ რეალობას კარგი ცხოვრებით ხსნის და თან ამას ფაქტად და სტატისტიკურ კანონზომიერებად გვთავაზობს. სინამდვილეში, ეს პოზიცია სრულიად აცდენილია ქართულ ფასეულობებს, კულტურას და საქართველოს მოსახლეობაში საყოველთაოდ გამოხატულ მრავალი შვილის ყოლის ტრადიციულ სურვილს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ქეთევან ბაკარაძემ განაცხადა.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი და არსებითად დამცინავი განცხადება გააკეთა. ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული შემცირება მან უცნაურად ახსნა და მოიტყუა, თურმე რაც უფრო იზრდება ქართველების კეთილდღეობა, მით უფრო ნაკლები შვილი უნდათ ქართველებს და შვილებზე წინ კარიერას აყენებენ. ანუ, პაპუაშვილის აზრით, საქართველოში იმდენად სწრაფად იზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა და ხალხი ისე კარგად ცხოვრობს, რომ გადაშენების ზღვარამდე სწორედ გაზრდილ დოვლათს და კეთილდღეობას მივყავართ.
ქვეყნის დემოგრაფიული შემცირების მაჩვენებლები ნამდვილად კატასტროფულია: 2023 წელს საქართველოში დაიბადა 40 000, ხოლო გარდაიცვალა 43 000 ადამიანი. 2024 წელს დაიბადა 39 500, გარდაიცვალა 44 000 ადამიანი. 2025 წელს დაიბადა 37 800, გარდაიცვალა 44 300 ადამიანი. სიკვდილიანობა შობადობას უკვე 6 500-ით აღემატება. ეს რეალური დემოგრაფიული კატასტროფის ნიშნებია და ამ რეალობის უგულებელყოფა შეუძლებელია. ეს ტენდენცია მზარდია და მას, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასთან ერთად, ხელს უწყობს მაღალი მიგრაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინება ქვეყნიდან.
ბოლო სამ წელიწადში საქართველოდან ემიგრაციაში 400 000-მდე ადამიანი წავიდა. „ოცნების“ ხელისუფლება ამ ტრაგიკულ რეალობას კარგი ცხოვრებით ხსნის და თან ამას ფაქტად და სტატისტიკურ კანონზომიერებად გვთავაზობს. სინამდვილეში, ეს პოზიცია სრულიად აცდენილია ქართულ ფასეულობებს, კულტურას და საქართველოს მოსახლეობაში საყოველთაოდ გამოხატულ მრავალი შვილის ყოლის ტრადიციულ სურვილს. ამას ადასტურებს გაერო-ს 2026 წლის ახალი რეგიონული კვლევაც – ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობისთვის ოჯახი და შვილები კვლავ მაღალი ღირებულების მატარებელია. შვილების ყოლის მთავარი დაბრკოლებები კი, კვლევის მიხედვით, მატერიალური და სოციალური პირობებია: ფინანსური არასტაბილურობა, დაბალი შემოსავალი და სათანადო საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა, ჯანმრთელობის პრობლემები და სამედიცინო სერვისები, ბავშვის კვების და ბავშვთა მოვლის საშუალებების სიძვირე. ახალგაზრდებს შვილების ყოლის სურვილი კი არ გაუქრათ, არამედ ოჯახის შექმნისა და შვილების ყოლის პირობები და შესაძლებლობა არ აქვთ. ამ ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არამარტო მცდარია, არამედ რთულ პირობებში მცხოვრები ახალგაზრდების დაცინვაა. ახალგაზრდების, რომლებიც მოკლებული არიან არსებით ეკონომიკურ პერსპექტივებს, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ხარისხიან განათლებას. რაც მთავარია, ეს ახალგაზრდები არათუ კარიერაზე ორიენტირების გამო ამბობენ უარს შობადობაზე, არამედ უმრავლესობა საერთოდ მოკლებულია კარიერული დასაქმების შესაძლებლობას და სტაბილურ დასაქმებას, სათანადო ანაზღაურებას. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და ხუთი შვილის დედა, მოვუწოდებ შალვა პაპუაშვილს, თავი შეიკავოს ქართველების მიმართ მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან და შევახსენებ, რომ ის წარმოადგენს გუნდს, რომლის წევრებიც საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფის ფონზე კორუფციით ნაშოვნი ფულით მდიდრდებიან. კორუფცია ამ მოცემულობაში ქვეყნის ღალატის ტოლფასია. ამ მძიმე დანაშაულს კი, მოსახლეობის დაცინვა და შეურაცხყოფაც ემატება“, – აღნიშნა ქეთევან ბაკარაძემ.