მოქალაქეებმა დაკავებულ ექიმს, მაია კოხტაშვილს საპატიმრო გირაოს თანხა შეუგროვეს.
ინფორმაციას ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მეგობრებო, მაია ექიმისთვის 50 ათასი ლარი შეგროვდა ერთ საათში, მის გამოსახსნელად. მადლობა ყველას. აღარ ჩარიცხოთ!
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხალხის საყვარელ ექიმს, ჩვენი თანამებრძოლების დედას გამოვიხსნით. დანარჩენს, რა ხდებოდა დღეს სხდომაზე და ამ საქმის დეტალებს წვრილად მოგიყვებით. ახმეტაში ვაგრძელებთ მუშაობას რეპორტაჟზე!“,- წერს მთივლიშვილი.
მაია კოხტაშვილი საპატიმროს სწორედ მას შემდეგ დატოვებს, რაც გირაო დაიფარება.
შეგახსენებთ, რომ თელავის რაიონულმა სასამართლომ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს, რომელსაც ბრალად ყალბი რეცეპტის გაცემა ედება, 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო დღეს შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე მარინე ცერცვაძემ მიიღო. ასევე, ბრალდებულ ექიმს სასამართლომ დაავალა, ორ კვირაში ერთხელ შესაბამის ორგანოში გამოცხადდეს, აეკრძალა საქართველოს საზღვრის გადაკვეთაც.
მაია კოხტაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, მას ედავებიან, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.