ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ სრულმასშტაბიან ომში ნახევარი მილიონი რუსი სამხედრო დაიღუპა. დაღუპულთა უდიდესი ნაწილი 2023 წლის იანვრიდან ფიქსირდება
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა რიჩ ნაიტონმა Sky News-თან განაცხადა.
ნაიტონის შეფასებით, 2022 წლის თებერვლიდან რუსეთის სამხედრო დანაკარგების საერთო რაოდენობა, მათ შორის დაჭრილების გათვალისწინებით, დაახლოებით 1.5 მილიონ სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს. მისი თქმით, ამ დანაკარგების უდიდესი ნაწილი 2023 წლის იანვრიდან დაფიქსირდა.
„ვფიქრობ, ეს ციფრები ნათლად აჩვენებს ადამიანების სიცოცხლის უაზრო და უშედეგო დაკარგვას უმნიშვნელო წინსვლისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სრულიად არალეგიტიმური მიზნისთვის“, – განაცხადა ნაიტონმა.
ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ომის გავლენაზე რუსეთის ეკონომიკაზე. მისი თქმით, ომმა „რუსეთში ეკონომიკური ზრდის შენელება, სამომხმარებლო მოთხოვნის შემცირება და ინფლაციის სტაბილურად მაღალ დონეზე შენარჩუნება გამოიწვია“.
„რუსეთის ეკონომიკისთვის, მოსახლეობის კეთილდღეობისა და მათი მომავლისთვის მიყენებული ზარალი კოლოსალურია“, - დასძინა ნაიტონმა.