საქართველოს მოსახლეობის საღად მოაზროვნე ნაწილი რუსეთის მიმართ სიძულვილის გაღვივების მცდელობებს არ აჰყვა და ის ყოველთვის ისტორიული სიმართლისა და რუსეთის მხარეს იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსულ გამოცემა TASS-ს განუცხადა.
„რუსეთი საქართველოს ყველაზე მძიმე პერიოდებში ყოველთვის გვერდით ედგა, როდესაც სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხი იდგა. როგორც არ უნდა ცდილობდნენ დღეს დასავლელი კურატორები, ქართველებში რუსეთის მიმართ სიძულვილი გააღვივონ, საღად მოაზროვნე ადამიანები, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრია, ყოველთვის ისტორიული სიმართლის მხარეს იქნებიან და არა დასავლური ყალბი ნარატივების“, - განაცხადა მან.
რომანოვ-ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში რუსეთის მხარეს მონაწილეობა ნებაყოფლობით გადაწყვიტა. მისი თქმით, საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ის და მისი გუნდი აქტიურად ეხმარებიან რუს სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობას დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში, ასევე კურსკის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებში.
მანამდე რომანოვ-ფარცხალაძემ TASS-ს განუცხადა, რომ რუსეთში ჩამოყალიბდა საერთაშორისო ქვედანაყოფი „გიორგიევსკი“. მისი თქმით, ქვედანაყოფის სახელწოდება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, რომელმაც, მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანი "როლი ითამაშა" ქართველი ხალხის ისტორიაში.