პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმავე შეცდომას უშვებს, რომელიც თავის დროზე ნაცისტურმა გერმანიამ დაუშვა.
სიკორსკიმ გამოცემა Polsat News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიამ ლონდონის დაბომბვით ვერ შეძლო ომის შედეგზე გავლენის მოხდენა და საბოლოოდ ნაციონალ-სოციალისტურმა რეჟიმმა ომი მაინც წააგო.
„ვფიქრობ, პუტინი იმავე შეცდომას უშვებს, რასაც მესამე რაიხი ლონდონის დაბომბვისას უშვებდა“, - განაცხადა სიკორსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის ქალაქებზე ყოველდღიურად თავდასხმები, რომელთა შედეგადაც 2-დან 12-მდე ადამიანი იღუპება, უკრაინის არმიის შესაძლებლობებზე დონბასის დაცვის თვალსაზრისით გავლენას ვერ ახდენს.
სიკორსკის განცხადებით, რუსეთს შესაძლოა უფრო შორსმიმავალი მიზანი ჰქონდეს და უკრაინის ხელისუფლების ლეგიტიმაციის შერყევა, მოსახლეობის დაშინება და პოლიტიკურ ხელისუფლებაზე მისი გავლენის შემცირება სურდეს.
„გერმანელები იმედოვნებდნენ, რომ კოვენტრისა და ლონდონის დაბომბვა მოსახლეობას შეაშინებდა. მოკავშირეებსაც გარკვეულწილად ჰქონდათ იმედი, რომ ჰამბურგის, ბერლინისა და დრეზდენის დაბომბვას მსგავსი შედეგი ექნებოდა. ორივე შემთხვევაში ეს კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა. როდესაც ადამიანებს თავს ესხმიან, ისინი ხელისუფლების გარშემო ერთიანდებიან“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.