უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 28 აგვისტოს კიევის ოლქის ბუჩის რაიონის სოფელ მილაში პირველი დარტყმა თავდაცვის ძალების საწყობებზე განხორციელდა, რომლებიც იქ არ უნდა ყოფილიყო.
მისივე თქმით, აფეთქებებს მასშტაბური ნგრევა მოჰყვა.
"გუშინ საღამოდან და დღეს მთელი დღის განმავლობაში ვიღებდი ინფორმაციას კიევის ოლქში, ბუჩის რაიონის სოფელ მილაში შექმნილი ვითარების შესახებ, სადაც რუსეთის დარტყმის შემდეგ დეტონაცია დაიწყო.
ეს არის საშინელი ვითარება და საშინელი დაუდევრობა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ასაფეთქებელი მასალა ადამიანების საცხოვრებელთან ახლოს შეინახეს. შედეგად, მასშტაბური ნგრევა მოხდა, ამ დროისთვის დაღუპულია 37 ადამიანი.
დაღუპულთა შორის არის თემის ხელმძღვანელი, რომელიც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობისას დაიღუპა. ვუსამძიმრებ ყველა დაღუპულის ოჯახსა და ახლობელს.
ნანგრევების გაწმენდა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და, სამწუხაროდ, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ადგილობრივი მცხოვრებლები და მაშველები.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი. დარტყმისა და ხანძრის შედეგების ლიკვიდაციასა და ადამიანების დახმარებაში ყველა საჭირო ძალაა ჩართული.
მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება. ყველა ფაქტი სრულად უნდა იქნეს გამოძიებული.
ვიშნევოეში მომხდარის შემდეგ კიდევ ერთი ასეთი დანაშაული სრულიად დაუშვებელია. ველოდები, რომ დეტალები საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება.
პირველი დარტყმა განხორციელდა საბრძოლო მასალის შენახვის ობიექტზე, თავდაცვის ძალების საწყობზე, რომელიც იქ ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო - აფეთქდა ჭურვები, ნაღმები, სხვა საბრძოლო მასალა და დრონები. მასშტაბი მნიშვნელოვანი იყო.
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ გენერალურ პროკურორთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და მთავარსარდალთან - გამოძიებისთვის მათ ყველაფერი აქვთ, რაც საჭიროა.
ცალკე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ადგილზე და რუსეთის დარტყმების შედეგად დაზიანებულ სხვა ადგილებში იმყოფება და ყველაფერს აკეთებს ადამიანების დასახმარებლად და გადასარჩენად.
მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის იყოს უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველების, პოლიციისა და ხელისუფლების სწრაფი და პროფესიონალური რეაგირება. მნიშვნელოვანია, რომ თემები სრულად იყვნენ ორგანიზებული და ასეთ ვითარებაში ადამიანები მართლაც მხარში ედგნენ ერთმანეთს.
რუსეთი პასუხს აგებს ყველაფრისთვის, რასაც აკეთებს.
მარადიული ხსოვნა ყველას, ვის სიცოცხლესაც ომმა, ამ დარტყმებმა და ყველა ამ საშინელმა გარემოებამ მოუსწრაფა", - განაცხადა ზელენსკიმ.