საპროტესტო აქციების ცხრა მონაწილის გათავისუფლება მისასალმებელია, თუმცა ეს მართლმსაჯულება არ არის, - ამის შესახებ ნათქვამია Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილის დენის კრივოშეევის განცხადებაში
„საპროტესტო აქციების ცხრა მონაწილის გათავისუფლება მათთვის და მათი ოჯახებისთვის სასიხარულო ამბავია და ამას მისასალმებელი მოვლენა უნდა ეწოდოს, თუმცა ეს მართლმსაჯულება არ არის. მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები, რომლებიც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლის გამო გახდნენ სამიზნეები, საერთოდ არ უნდა ყოფილიყვნენ სისხლის სამართლებრივი დევნის ან სხვა სახის სანქციების ობიექტები მხოლოდ იმის გამო, რომ მშვიდობიანი შეკრებისა და საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებებით სარგებლობდნენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია სამართალდამცველებისა და სხვა ძალოვანი უწყებების თანამშრომლების მიერ ჩადენილ ადამიანის უფლებათა ყველა დარღვევაზე პასუხისმგებლობის დაკისრებაც.
„ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ბოროტად გამოყენება და უზრუნველყოს, რომ სამართალდამცველი უწყებების თანამშრომლების მიერ ძალის უკანონო გამოყენების, სასტიკი მოპყრობისა და სხვა დარღვევების შესახებ ყველა განცხადება დამოუკიდებლად და ეფექტიანად იქნეს გამოძიებული და დამნაშავე პირები პასუხისგებაში მიეცნენ. ყველა პირი, რომელსაც თავისუფლება მხოლოდ შეკრებისა და საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებებით სარგებლობის გამო აქვს აღკვეთილი, დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს“, - აღნიშნულია განცახდებაში.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 226 პირი შეიწყალა. შეწყალებულ პირთა შორის არიან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ავთანდილ თოფჩიშვილი და თორნიკე მჭედლიშვილი, ასევე, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დავით ხომერიკი, სიმონ მახარაძე, საბა ჯიქია, გურამ ხუტაშვილი, დანიელ მუმლაძე და დენის კულანინი.