რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის წერილი არასდროს გაუგზავნია.
„არავითარ კავშირში არ არის. წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია, მესიჯს თუ არ ჩავთვლით. საერთოდ, ცხოვრებაში არავისთვის არანაირი წერილი არ გამიგზავნია, არანაირი, არასდროს. წერილი გამოგზავნაო ხომ თქვა? რა შევუთვალე? წერილში რა ეწერა, იცით თქვენ? წაკითხული გაქვთ ეს წერილი? მივყვეთ ლოგიკას. ახლა თავისუფლად საუბრის საშუალება მაქვს. მისი მხარდამჭერის პოზიციიდან არის წერილი დაწერილი, მამუკა მდინარაძის რანაირად შეიძლება რომ ყოფილიყო? სად არის ლოგიკა, აბა მითხარით. „ჩვენ ორი გზა გვაქვს“ და რაღაცები ეწერა, ან „უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე“- მამუკა მდინარაძე წერდა ვიბრძოლოთ ბოლომდეო? თქვენ სერიოზულად უყურებთ ამ საკითხს? არავისთვის არასდროს გამიგზავნია წერილი. პირდაპირ გეუბნებით, მსგავსი საკითხებით მე არასდროს ვყოფილვარ დაკავებული.
არ ვიცი რატომ საუბრობს, ზედაპირული ვარაუდი შეიძლება გამოვთქვათ, რომ მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც ერთი წამით კორუფციასთან ბრძოლაში უკან არ დახეულა, თუკი ვინმე განაწყენებულია იმაზე, რომ სუს-ი ვიღაცას კორუფციულ დანაშაულზე აკავებდა მაშინ, როცა მამუკა მდინარე სუს-ის უფროსი იყო, შეიძლება ამასაც მივაწეროთ, მაგრამ ამაში დარწმუნებული არ ვარ, რომ მაინც და მაინც ასე იყო. შეიძლება ვიღაცას მამუკა „დაბალ ღობედ“ მოეჩვენა მას შემდეგ, რაც თანამდებობაზე აღარ იყო. აწი, შეიძლება უარესი თქვან და ასე შემდეგ, მაგრამ ერთ-ერთ ზედაპირულ ვარაუდად შეგვიძლია ესეც გამოვთქვათ“,-განაცხადა მდინარაძემ.