რუსეთი კვლავ აგრძელებს ინვესტირებას რაკეტების წარმოებაში და ომის გაფართოებაში, რაც ნიშნავს, რომ საჭიროოა დამატებითი საპასუხო ზომები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოვიალურ ქსელში წერს.
ზელენსკი რუსეთის მიერ გასულ ღამეს უკრაინის რეგიონებზე რუსეთის თავდასხმას ეხმიანება.
"რუსეთის მიერ ჩვენს რეგიონებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობა გუშინ ღამიდან მიმდინარეობს. ეს იყო კომბინირებული დარტყმა — დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით.
რუსებმა პოლტავის, სუმისა და ხერსონის ოლქებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაბომბეს. ხარკივის ოლქში კი საცხოვრებელ შენობებს დაარტყეს. კრამატორსკში მართვადი საავიაციო ბომბი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ოთხი ადამიანი გადაარჩინეს.
ზაპოროჟიეში სამი ადამიანი დაშავდა, ორი კი - კრივი რიჰში. ოდესაში ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.
კიევის ოლქის ჩუბინსკეში დრონების დარტყმების შედეგად საწარმოებში გაჩენილი ხანძრების ჩასაქრობად ყველა საჭირო საგანგებო სამსახური მუშაობს.
რუსეთი კვლავ აგრძელებს ინვესტირებას რაკეტების წარმოებაში და ომის გაფართოებაში, რაც ნიშნავს, რომ საჭიროოა დამატებითი საპასუხო ზომები. ამ კვირაში ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.
მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილებები დამატებითი ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის პაკეტებითაც შეივსოს, უპირველესად, PURL-ის მეშვეობით.
ყველაფერი, რაც ჩვენი ცის დაცვის გაძლიერებას ემსახურება, ყოველდღიურად ეფექტურად გადაარჩენს უკრაინელების სიცოცხლეს. რუსეთს ომის გაგრძელების სურვილი რომ დავუკარგოთ, საჭიროა, ეფექტურად ჩამოვაგდოთ ის რაკეტები, რომლებსავ მოსკოვი ასე ძლიერ ებღაუჭება ომის გასაგრძელებლად.
მადლიერი ვარ ყველას, ვისაც ეს ესმის და უკრაინას ეხმარება", - წერს ზელენსკი.