ავჭალის გაუქმებულ ხიდთან 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაცვლილი ნახეს. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. ადვოკატი აცხადებს, რომ გოგონა სახლიდან გუშინ დაახლოებით 18:00 საათზე გავიდა, შემდეგ კი მასთან კომუნიკაცია ოჯახმა ვეღარ მოახერხა. მოზარდი კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც "ტვ პირველს" ადვოკატმა განუცხადა, მარიამს ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა შეყვარებულთან და მის ჩამოშორებას ცდილობდა.
ადვოკატის ინფორმაციითვე, გუშინ 17 წლის გოგოს შეყვარებული გამოკითხვაზე იყო გადაყვანილი. "პირველების" ინფორმაციით მომხდარზე გამოკითხულია 10-მდე პირი, ამ წუთებში კი გამოძიებას ჩვენებას ოჯახის წევრები აძლევენ.
"დეიდას სთხოვა გუშინ, დაახლოებით 18:00 საათისთვის, რომ სასეირნოდ წავიდოდა. დეიდა იმდენად შოკირებულ მდგომარეობაშია, რომ ყველა დეტალს საუბრისას ვერ იხსენებს, თუმცა ამბობს, რომ იყო ჩვეულებრივ ხასიათზე. რამდენიმე საათის შემდეგ სატელეფონო კავშირი დაკარგა დეიდამ და ამის შემდეგ დავიწყეთ მოკითხვა. გავიგეთ, რომ იყო გადაყვანილი "ვივა მედში", თუმცა ჩვენი ვარაუდით უვკე ადგილზევე იყო გარდაცვლილი მარიამი. რამ გამოიწვია ვარდნა არ ვიცით, ვერ ვადასტურებთ ვერც თვითმკვლელობის და ვერც უბედური შემთხვევის ვერსიას და ვერც უფრო უარესს, რაც შეიძლება იყოს მკვლელობა, ანუ გადმოგდებას ხიდიდან, თუმცა სამივე ვერსიას აქვს არსებობის უფლება. ეს უბედურება მოხდა ავჭალის ხიდებთან. საკმაოდ მაღალი სიმაღლიდან ვარდნაა. მხოლოდ ის ვიცი, რომ შეყვარებულთანაც ბოლო პერიოდში ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა და მარიამი მის ჩამოშორებას ცდილობდა. გუშინ გამოკითხვაზე გადაიყვანეს, მაგრამ შემდგომ როგორ განვითარდა მოვლენები არ ვიცი. (შესაძლოა შეყვარებულთან ერთად ყოფილიყო?) არცერთ ვერსიას არ გამოვრიცხავთ. არ ვიცით, მხოლოდ ის ვიცი, რაც გუშინ გავიგე, რომ ძმისთვისაც მიუმართავს თხოვნით, რომ ჩამოეშორებინათ ეს ბიჭი, რომ თავს არ მანებებსო. თანამშრომლებსაც უთქვამთ ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის, რომ ვიღაც ბიჭი აწუხებს მარიამ და სამსახურშიც ვეღარ მოდისო. სახლიდან გავიდა მარტო, მერე ვინმესთან ერთად იყო თუ არა არ ვიცით", - ამბობს ადვოკატმა.