უკრაინელმა სამხედროებმა 24 საათის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე 16 ობიექტზე მიიტანეს იერიში, მათ შორის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე, აეროდრომებზე, სარაკეტო დანაყოფზე, სამხედრო საწარმოსა და ლოგისტიკურ ობიექტებზე, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებისთვის იყენებს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
„24 საათის განმავლობაში ჩვენმა სამხედროებმა რუსეთში 16 ობიექტზე მიიტანეს იერიში. მათ შორის, შორ მანძილზე მოქმედი დარტყმები განხორციელდა ნავთობის ობიექტებზე - რუსეთის ნავთობის საფულეზე, რომელიც ომს აფინანსებს. ასევე, აეროდრომებზე, სარაკეტო დანაყოფებსა და ინფრასტრუქტურაზე, რომლებიც მუდმივად გამოიყენება უკრაინაზე დარტყმების განსახორციელებლად“, - წერს ზელენსკი.
ზელენსკის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ასევე დაარტყეს რუსეთის სამხედრო საწარმოსა და ლოგისტიკურ ობიექტებს.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა პასუხობს რუსეთის დარტყმებს, რათა აგრესორი ქვეყნისთვის ომის ფასი გაზარდოს.
„ომი იქ უნდა დაბრუნდეს, საიდანაც ის მოვიდა. უკრაინა პასუხობს რუსეთის დარტყმებს და ამას ისე აკეთებს, რომ აგრესორისთვის ომის ფასი გარდაუვლად იზრდება. სამართლიანად ვამცირებთ რუსეთის აგრესიის პოტენციალს“, - წერს ზელენსკი.